logo
ENG



"მძიმე და გაუმართლებელი ჩარევა შეკრების თავისუფლებაში" - NGO-ები ნამახვანჰესის მოვლენებზე

12 აპრ 202112:23
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საია და მწვანე ალტერნატივა ეხმაურებიან რიონის ხეობაში გუშინ, 11 აპრილს განვითარებულ მოვლენებს და აცხადებენ, რომ უხეშად და დაუსაბუთებლად შეიზღუდა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა საპოლიციო მოქმედებებმა განსაკუთრებულად მძიმე და უფლებაშემლახავი ფორმები მიიღო, რაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყდეს და ხელისუფლების მოქმედებები დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს. 

გუშინ, 11 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციამ დაშალა სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის მიწაზე იდგა.

პოლიციის ამ მოქმედებას დილიდან თან ახლდა განსაკუთრებულად დიდი საპოლიციო ძალის მობილიზება და მოძრაობის სრულად შეზღუდვა ნამოხვანის მიმართულებით, მათ შორის კარვების მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული ქონდათ პროტესტის ლიდერებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამოხვანში კარვების დაშლის საფუძვლად სრულიად განსხვავებულ და წინააღმდეგობრივ ვერსიებს ასახელებდა. სამინისტრო ოფიციალური განცხადებით უთითებდა მდინარე რიონში წყლის დონის განსაკუთრებული მატებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საფრთხეზე. თუმცა, ადგილზე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვების დაშლის საფუძვლად სახელდებოდა მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ხელშეშლა, ასევე ადგილობრივების არასანდო ქცევა და შედეგად, რიონში თავის დახრჩობის რისკები. 

ორგანიზაციების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი მოქმედებების დასაბუთება სრულიად არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია და მიზნად რიონის ხეობის მცველების მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის ხელშეშლას ისახავს, რაც მძიმე, გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევაა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში. 

აღნიშნულზე ასევე მიუთითებს რიონის ხეობის მცველების მიერ პოლიციისადმი არაერთხელ გაჟღერებული მიმართვა, არსებული კარვების აღების სანაცვლოდ მიეცათ მათთვის უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, ალტერნატიულ ტერიტორიაზე კარვების გაშლის შესაძლებლობა, რაც სრულიად დაუსაბუთებლად უარყოფილი იქნა სამინისტროს მხრიდან.

საბოლოოდ, პროტესტის მონაწილეები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სოფელ ნამოხვანში მათი პროტესტის ადგილი და გადასულიყვნენ სოფელ გუმათთან შეკრებილებთან.

11 აპრილს გადაადგილების შეზღუდვა უშუალოდ "ხეობის მცველების" გარდა, შეეხოთ მედიის წარმომადგენლებსაც. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და „კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის“ ეს შეზღუდვა გაუმართლებლად მიიჩნიეს. 

ამასთან, კარვების დაშლის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია „ბანაკის ტერიტორიიდან ალკოჰოლური სასმელის ბოთლები ამოღების“ შესახებ, რაც პროტესტის მონაწილეების მიერ აღქმული იქნა მათი მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობად. ამ ინფორმაციის სიზუსტესთან დაკავშირებულ ეჭვებს ამძაფრებს თავად დემონსტრანტთა ბანაკში დამკვიდრებული შინაგანაწესი და პრაქტიკა, მკაცრად გაკონტროლდეს ქცევის წესები, რაც ალკოჰოლის მოხმარებას კრძალავს. 

შეგახსენებთ, რომ კარვების აღების გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა 10 აპრილს, კარვების სიახლოვეს მომხდარი უბედური შემთხვევა. დაახლოებით საღამოს 8 საათიდან „რიონის ხეობის მცველების“ კარავში მყოფ ერთ-ერთ პირს მდინარე რიონში ეძებენ. ამ შემთხვევამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა შესაძლებლობა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოტივით გაეძლიერებინა საპოლიციო კონტროლი უშუალოდ კარვების ტერიტორიაზე, რასაც მეორე დღესვე ხეობაში საპოლიციო და სპეციალური დანიშნულების რაზმების დამატებითი მობილიზება და კარვების დაშლა მოჰყვა.

რიონის ხეობაში 3 აპრილიდან მოვლენები ვითარდება შსს-ს მიერ გაძლიერებული საპოლიციო კონტროლის ფონზე, რა დროსაც პროტესტის მხარდამჭერებს და ადგილობრივ მოსახლეობას, შეზღუდული აქვს ხეობაში გადაადგილების თავისუფლება;

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალ ორივე გზაზე პოლიციის ბლოკპოსტების ჩადგმით დაუსაბუთებლად შეზღუდა გადაადგილების თავისუფლება, რაც როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ისე სახალხო დამცველის მიერ მიჩნეულ იქნა ფუნდამენტურ უფლებებში დაუსაბუთებელ და არაპროპორციულ ჩარევად. მივიჩნევთ, რომ პოლიციის მიერ 3 აპრილიდან ხეობაში დაწყებული დაუსაბუთებელი საპოლიციო მოქმედებები, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, მიზნად ისახავდა უშუალოდ სოფელ ნამოხვანში შეკრებილთა რიცხოვნობის შემცირებას და საბოლოოდ კარვების დაშლის გადაწყვეტილების მარტივ აღსრულებას.

ამ დროისთვის, "რიონის ხეობის მცველები" და მათი მხარდამჭერები მობილიზებულები არიან სოფელ გუმათთან არსებულ პოლიციის ბლოკპოსტთან და ითხოვენ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილებას და სოფელ ნამოხვანში კარვების ხელახალი გაშლის შესაძლებლობას.

სოფელ გუმათთან დამატებით იკრიბებიან აქციის სხვა მხარდამჭერები.

"მნიშვნელოვანად მივიჩნევთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი თქვას გადაადგილების და შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე და საკუთარი მოქმედებები მოაქციოს ადამიანის უფლებების სტანდარტებში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რიონის ხეობის მცველების მუდმივი მცდელობა და არაერთგზის გაცხადებული განზრახვა, მიმდინარე პროცესები დარჩეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებში, რასაც ისინი გუშინ საკუთარი მოქმედებებით ადასტურებდნენ და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, არ სწევდნენ ფიზიკურ წინააღმდეგობას პოლიციის მიერ დადგენილი შეზღუდვების მიმართ. 

არსებულ ვითარებაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ “რიონის ხეობის მცველების” ფუნდამენტური უფლებების ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი შეზღუდვა ქმნის პროცესების დამატებით გართულების რისკებს, რასაც არათუ არ აზღვევს, არამედ  ამწვავებს ხელისუფლების საპოლიციო მოქმედებები, რაც მოვლენების შემდგომ განვითარებას მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ აქცევს". - აცხადებენ ორგანიზაციები. 

ამის გათვალისწინებით: 

ისინი მოუწოდებენ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

დაუყოვნებლივ დაუბრუნოს საკუთარი ქმედებები კანონის ჩარჩოებს და უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, აღადგინოს გადაადგილების თავისუფლება. აქციის მონაწილეებს მიეცეთ სოფელ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა;

საქართველოს მთავრობას

გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა რაც საჯარო ინტერესების დაცვასა და პროცესების ადამიანის უფლებების და დემოკრატიულ პრინციპების საფუძველზე წარმართვას გულისხმობს;  უარი თქვას ნამახვანიჰესის მშენებლობის გაგრძელების უკანონო, რეპრესიულ ფორმებზე და მიმდინარე პროცესები დააბრუნოს საჯარო, მონაწილეობითი დიალოგის ფორმატში, რასაც არსებული პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ შესაძლებლობად მივიჩნევთ.  

საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს

მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა ზომა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესების ადამიანის უფლებების ფარგლებში, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით წარმართვისათვის.


close დახურვა